გამოვიდა ჩვენი ანგარიში C40 Recharge Life Cycle Assessment – როგორ აისახება ელექტრომობილების უპირატესობებზე სუფთა ენერგიაზე წვდომა?
C40 Recharge LCA ანგარიშში ნაჩვენებია, თუ რამდენ CO2-ს გამოყოფს ავტომობილი მთელი სიცოცხლის ციკლის განმავლობაში.
ჩვენი მიზანია გავხდეთ სრულად ელექტრიფიცირებული საავტომობილო კომპანია 2030 წლისთვის. ჩვენი გვაქვს მისწრაფება, 2040 წლისთვის გავხდეთ კლიმატ-ნეიტრალური კომპანია. ეს მამოტივირებელი მიზნებია, მაგრამ სანამ ამ წინადადებას კითხულობთ, ნახშირორჟანგის გამონაბოლქვები ჯერ კიდევ ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს ჩვენს საქმიანობაში.
ჩვენ ვთვლით, რომ პრობლემის გადაჭრა იწყება მისი არსებობის აღიარებით და გამჭვირვალობის უზრუნველყოფით. ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს სასიცოცხლო ციკლის შეფასების (LCA) ანგარიშის შედგენა და გამოქვეყნება ყოველი ახალი სრულად ელექტრო მოდელისთვის, რომელსაც ჩვენ გამოვუშვებთ. ჩვენ დავიწყეთ ეს გამჭვირვალე და პროფილაქტიკური ანგარიშგება XC40 Recharge მოდელიდან და დღეს წარმოგიდგენთ LCA-ს C40 Recharge მოდელისთვის.
თითოეული LCA უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს სახელმძღვანელოს ჩვენი მომხმარებლებისთვის, რათა მათ შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება ახალი Volvo-ს შეძენასთან დაკავშირებით. ანგარიშში მოვლენათა განვითარების რამდენიმე ვარიანტის მეშვეობით ასახულია, თუ სავარაუდოდ რამდენ CO2-ს გამოყოფს ავტომობილი მთელი სიცოცხლის ციკლის განმავლობაში, როგორც წარმოების, ასევე ექსპლუატაციის ეტაპზე.
ახალი LCA-ს გადამწყვეტ დასკვნას წარმოადგენს ის, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ხდება თუ არა თქვენი C40 Recharge-ის დამუხტვა სუფთა ენერგიის წყაროების მეშვეობით. აქ არაფერია გასაკვირი; ჩვენ წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ ელექტრომობილებზე გადასვლას უნდა ახლდეს მნიშვნელოვანი ინვესტიციები სუფთა ენერგეტიკასა და საჯარო დამტენების ინფრასტრუქტურაში. თუმცა, LCA იძლევა მკაფიო და დამაჯერებელ მონაცემებს, რომელებიც ადასტურებს ამ მოსაზრებას.
„ელექტრომობილებზე გადასვლას უნდა ახლდეს მნიშვნელოვანი ინვესტიციები სუფთა ენერგეტიკასა და საჯარო დამტენების ინფრასტრუქტურაში“.
ანგარიში აჩვენებს, რომ როდესაც მუხტავთ C40 Recharge-ს სუფთა წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიით, მისი სასიცოცხლო ციკლის CO2 კვალი მცირდება დაახლოებით 27 ტონამდე, 59 ტონასთან შედარებით XC40-ისთვის შიდა წვის ძრავით (ICE).
თუმცა, თუ მას მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომი გასაშუალოებული ენერგეტიკული კომპლექსის მეშვეობით დავმუხტავთ (რომელიც შეიცავს წიაღისეული საწვავისგან გამომუშავებული ენერგიის დაახლოებით 60 პროცენტს), მისი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში CO2-ის გამონაბოლქვები შეიძლება გაიზარდოს 50 ტონამდე, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ეკოლოგიურ უპირატესობებს შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილთან შედარებით.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმისათვის, რომ ჩვენმა ავტომობილებმა მოახდინონ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვების შემცირების სრული პოტენციალის რეალიზება, ადამიანებს მსოფლიოს მასშტაბით ესაჭიროებათ მთავრობებისა და ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერა. როდესაც ჩვენ განვაგრძობთ ამ თვალსაზრისის დაცვას და მოვუწოდებთ მეტი ინვესტიციებისკენ სუფთა ენერგიასა და საჯარო დამტენ სადგურებში – მაგალითად, COP26 კლიმატურ სამიტზე გლაზგოში, – ჩვენ ასევე აქტიურად ვცდილობთ შევამციროთ ჩვენი საკუთარი ნახშირორჟანგის კვალი.
მაგალითად, ჩვენ მოწოდებული ვართ შევამციროთ საშუალო ავტომობილის სასიცოცხლო ციკლის ნახშირორჟანგის კვალი 40 პროცენტით 2018-2025 წლების განმავლობაში; მათ შორის, 2025 წლისთვის ჩვენს მიწოდების ჯაჭვში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვების 25 პროცენტით შემცირების გზით. ჩვენ ასევე გვაქვს მისწრაფება 2025 წლისთვის გვქონდეს კლიმატ-ნეიტრალური წარმოება და უკვე ახლა, ევროპაში ჩვენი ყველა ქარხანა მუშაობს 100 პროცენტით სუფთა ელექტროენერგიაზე.
C40 Recharge მოდელის სასიცოცხლო ციკლის შეფასების სრული ანგარიშის წასაკითხად დააწკაპუნეთ აქ.