ჩვენი ახალი Volvo EX30-ის ნახშირბადის კვალი ყველაზე მცირეა დღემდე წარმოებულ Volvo-ს სრულად ელექტრო ავტომობილებს შორის¹. ეს არის ჩვენ მიერ ახლახან გამოქვეყნებული EX30-ის სასიცოცხლო ციკლის შეფასების ანგარიშის მონაცემები.
ცისფერი Volvo EX30
ჩვენი ამბიციები ეკოლოგიურ მდგრადობასთან დაკავშირებით დღესავით ნათელია: 2040 წლისთვის ჩვენ გვსურს მივაღწიოთ სათბურის აირების ემისიის ნულოვან მაჩვენებელს და გავხდეთ ცირკულარული ეკონომიკის მქონე კომპანია.
ამ მიზნის მიღწევისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი ავტომობილების არმადა მხოლოდ სრულად ელექტრო ავტომობილებით იყოს დაკომპლექტებული. ამავდროულად ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას უზრუნველვყოთ ჩვენი ავტომობილების გარემოზე ზეგავლენის შესახებ მონაცემების გამჭვირვალობა.
სწორედ ამ მიზნით ვაქვეყნებთ სასიცოცხლო ციკლის შეფასების (LCA) ყოვლისმომცველი ანგარიშებს, სადაც წარმოდგენილია ჩვენი სამივე სრულად ელექტრო ავტომობილის ნახშირბადის კვალის მონაცემები. ანგარიშები მოვამზადეთ შემდეგი ავტომობილებისთვის: Volvo EX40 , EC40 და ახლა უკვე EX30 . ამ ანგარიშების გამოქვეყნებით, ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს ელექტრო ავტომობილის არჩევისას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.
„ელექტრო ავტომობილების წარმოებაზე გადასვლას დიდი მნიშვნელობა აქვს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა ემისიების დონის კიდევ უფრო შესამცირებლად აუცილებელია პროცესთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ღიად საუბარი“, აცხადებს იონას ოტერჰეიმი, Volvo Cars-ის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელი. „EX30-ის ნახშირბადის კვალის კვლევით და ამ ავტომობილის წარმოების დროს გამოყენებული მასალების და პროცესების განსაზღვრით, ჩვენ მიზნად ვისახავთ ჩვენს კომპანიას მივაწოდოთ ფასეული ინფორმაცია, რაც ეკოლოგიური მდგრადობის გაუმჯობესებაში დაეხმარება არამარტო მას, არამედ მთლიანად ინდუსტრიას."
EX30-ის სასიცოცხლო ციკლის შეფასების ანგარიშის ნახვა შეგიძლიათ აქ, სადაც წარმოდგენილია ძირითადი მასალები და პროცესები, რომლებიც მონაწილეობს ჩვენს ყველაზე მცირე ზომის სრულად ელექტრო SUV-სთან დაკავშირებულ სათბურის აირების ემისიაში. აქ აღწერილია ამ ავტომობილის სასიცოცხლო ციკლი – დაწყებული მისი წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებით და დამუშავებით და დამთავრებული ავტომობილის უტილიზაციით.
ამ ანგარიშში ნაჩვენებია, რომ Volvo EX30-ის ნახშირბადის კვალი ყველაზე მცირეა დღემდე წარმოებულ Volvo-ს სრულად ელექტრო ავტომობილებს შორის ². მისი მთლიანი ნახშირბადის კვალი 23 ტონას შეადგენს, რაც დაახლოებით 60 პროცენტით ნაკლებია ბენზინისძრავიან XC40 ICE3-თან შედარებით. ეს მონაცემი ეფუძნება 200 000 კილომეტრის გარბენს და დამუხტვისთვის ევროპული ენერგოსისტემის ელექტროენერგიის გამოყენებას.
ეშმაკი დეტალებშია, ამიტომ მოდით დაწვრილებით განვიხილოთ ამ ანგარიშის სპეციფიკა.
დიდი მნიშვნელობა აქვს აკუმულატორის ტიპს და გამოყენებულ ენერგოსისტემას
აკუმულატორის ტიპის და ელექტროენერგიის წყაროს არჩევანი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ავტომობილის ნახშირბადის კვალზე. იმისათვის, რომ ჩვენს კლიენტებს მივცეთ შესაძლებლობა აირჩიონ აკუმულატორის ის ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უკეთ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნილებებს, EX30-ისთვის განვსაზღვრეთ აკუმულატორის ორი ვარიანტი.
პირველი ვარიანტი, რომელიც გამოიყენება ერთმოტორიან ვერსიაში, წარმოადგენს ლითიუმ-რკინის ფოსფატის (LFP) ტიპის აკუმულატორს, რომლის ტევადობაა 51 კვტ-სთ. მეორე ვარიანტი, რომელიც გამოიყენება ერთმოტორიან Extended Range ვერსიაში, წარმოადგენს ნიკელის, კობალტის და მანგანუმის (NMC) ტიპის აკუმულატორს, რომლის ტევადობაა 69 კვტ-სთ.
NMC აკუმულატორი გთავაზობთ უფრო დიდ სასვლო მარაგს და უფრო სწრაფად დამუხტვის შესაძლებლობას, თუმცა LFP აკუმულატორთან შედარებით, სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში მისი გავლენა გარემოზე უფრო დიდია. საშუალოდ, LFP აკუმულატორის სასიცოცხლო ციკლის ნახშირბადის კვალი 16 პროცენტით ნაკლებია NMC აკუმულატორთან შედარებით.
EX30-ის დამუხტვისთვის ქარის ელექტროსადგურებით გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ნახშირბადის კვალს - ის დაახლოებით 42-ით ნაკლებია, ვიდრე გლობალური ენერგოქსელის გამოყენებისას და 22 პროცენტით ნაკლები, ვიდრე ევროპული ენერგოქსელის გამოყენებისას ³. ეს მონაცემები ხაზს უსვამს განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მოცულობის ზრდის საჭიროებას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ სრულად მოხდეს ელექტრო ავტომობილების ეკოლოგიური პოტენციალის რეალიზაცია.
მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ამბიციების განხორციელებისკენ
ავტომობილის საციცოცხლო ციკლი მხოლოდ მისი მართვით არ შემოიფარგლება. ის ასევე მოიცავს დაპროექტებას, შემუშავებას, აწყობას და ტრანსპორტირებას – ამის გააზრება ჩვენ უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს შევამციროთ სათბურის აირების ემისია და მიუახლოვდეთ ეკოლოგიურ მდგრადობასთან დაკავშირებულ მიზნებს.
EX30-ში გამოყენებული გადამუშავებული მასალების პროცენტული მაჩვენებელი უკვე ყველაზე მაღალია დღეისათვის წარმოებულ Volvo-ს ავტომობილებს შორის. ამ ავტომობილის წარმოებისას გამოყენებული ალუმინის დაახლოებით 25 პროცენტი, ფოლადის თითქმის 20 პროცენტი და პლასტმასის დაახლოებით 17 პროცენტი გადამუშავებულ მასალებს წარმოადგენს.
გარდა ამისა, ჩვენი მომარაგების ჯაჭვის ოპერაციების და წარმოების პროცესების დროს ხდება უამრავი საინტერესო ინიციატივის რეალიზაცია, რომელთა მიზანია ემისიის დონის კიდევ უფრო შემცირება. მაგალითად, ჩვენთვის აკუმულატორების მომწოდებელმა კომპანიებმა მიზნად დაისახეს, რომ 2025 წლისთვის LFP აკუმულატორის წარმოებისას ემისიის დონე შეამცირონ 20 პროცენტით, ხოლო NMC აკუმულატორების წარმოებისას - 46 პროცენტით. ამ მიზნის განსახორციელებლად ისინი გეგმავენ განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებაზე გადასვლას, გადამუშავებული მასალების გამოყენების მოცულობის ზრდას და საკუთარ მომარაგების ჯაჭვებში ემისიის დონის შემცირებას.
სასიცოცხლო ციკლის შეფასების ანგარიშის სრული ტექსტის ნახვა შეგიძლიათ აქ.
¹ განაცხადი, რომლის მიხედვითაც ამ ავტომობილის ნახშირბადის კვალი ყველაზე მცირეა დღემდე წარმოებულ Volvo-ს სრულად ელექტრო ავტომობილებს შორის, ეფუძნება გლობალურად ხელმისაწვდომი პროდუქტების მონაცემებს, რომელთა გარბენი აღემატება 200 000 კილომეტრს და მათი დამუხტვისთვის გამოიყენებოდა ერთი და იგივე ენერგოსისტემა
² განაცხადი, რომლის მიხედვითაც ამ ავტომობილის ნახშირბადის კვალი ყველაზე მცირეა დღემდე წარმოებულ Volvo-ს სრულად ელექტრო ავტომობილებს შორის, ეფუძნება გლობალურად ხელმისაწვდომი პროდუქტების მონაცემებს, რომელთა გარბენი აღემატება 200 000 კილომეტრს და მათი დამუხტვისთვის გამოიყენებოდა იგივე ენერგოსისტემა
³ ეფუძნება ერთმოტორიანი, LFP აკუმულატორით (51 კვტ-სთ) აღჭურვილი, 15 წლის, 200 000 კილომეტრის გარბენის მქონე ავტომობილების მონაცემებს, რომელთა დამუხტვისთვის გამოიყენებოდა EU28 ენერგოსისტემა